ვახტანგ გორგასალი



 ვახტანგ I გორგასალი — ქართლის მეფე Vს. II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი.

ყრმობა და სიჭაბუკე

სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. მისი აღმზრდელი ყოფილა საურმაგ სპასპეტი. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.

ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო დედამ, საგდუხტ დედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ - მცხეთაში მოგვები უნდა დამჯდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული.

მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი აცდუნა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდეანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და მძაფრად აღუდგა წინ ბინქარანს.

ვახტანგის მცირეწლოვანებით და ქვეყნის უპატრონობით ისარგებლეს ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი.

ამ მომენტით ბიზანტიამაც ისარგებლა. მან ჯერ კლარჯეთი დაიჭირა და შემდგომ აფხაზეთშიც გადმოსხა ლეგიონები. ამის შემდეგ ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მოვიდნენ.

ვახტანგი 15-დან 23 წლამდე


458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა საომარი სამზადისი და 16 წლის ასაკში საპასუხო ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ალანთა დამარცხებით დასრულდა. ვახტანგმა დაიმორჩილა ალანები, გამოიხსნა ტყვეები, მათ შორის, თავისი მცირეწლოვანი და -მირანდუხტი. დაიკავა დარიალის ციხე, იქ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა და გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.

ალანთა დამორჩილების შემდგომ, ვახტანგმა გაილაშქრა და დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ოლქები. გადმოსასვლელები შეკრა და მეციხოვნეები ჩააყენა. ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან ვახტაგ მეფე გადავიდა აფხაზეთში, განდევნა იქიდან ბიზანტიელები და ეგრისის დიდი ნაწილი და კლარჯეთი შემოიერთა. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა. ამ ლაშქრობის შემდეგ მიიღო ვახტანგ გორგასალმა „იალბუზის გმირის“ წოდება და ცნობილი ხალხური ლექსი დარჩა ისტორიაში, რომელიც მას სიყვარულით მიუძღვნა ხალხმა:

”ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა;
იალბუზზე ფეხი შედგა
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.”

ვახტანგ გორგასალის ოჯახი

ვახტანგი პირველად 20 წლის ასაკში დაქორწინდა, მას შემდეგ, რაც დალაშქრა მთელი კავკასია და დაიბრუნა წართმეული ტერიტორიები.

I მეუღლე — დედოფალი ბალენდუხტი, სპარსეთის შაჰის ჰორმიზდ III-ის ასული. ბალენდუხტ დედოფალმა უშვა ვახტანგს ძე და ასული (ტყუპი) და მშობიარობას გადაყვა. ვახტანგმა ძეს უწოდა დაჩი ანუ დარჩილი. დაჩი გახდა ტახტის მემკვიდრე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა. მეფობდა დაახლოებით 502-514 წ.წ.

II მეუღლე — დედოფალი ელენე, ბიზანტიის კეისრის ლეონ I-ის ასული. ბერძენი ცოლისაგან ვახტანგ გორგასალს შეეძინა სამი ძე და ორი ასული, რომელთაგან ცნობილია ლეონი და მირდატი.

დაჩის გამეფების შემდეგ დანარჩენ ძმებს ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მორჩილების ქვეშ. ლეონი ადრე გარდაცვლილა, ხოლო მირდატი ერისთავის ხარისხში ფლობდა ტერიტორიას ტაშისკარიდან და ფარავნიდან სპერის ზღვამდე. ის მორჩილობდა მეფე დაჩის და ქრისტიანული აღმშენებლობით იყო დაკავებული. მის მიერ აგებულ ტაძართა შორის გამოირჩევა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.


ინფორმაცია აღებულია ვიკიპედიიდან

კომენტარები 1

David გასულია 17 იანვარი 2017 18:16
დიდება დიდ მეფეს ვახტანგ გორგასალს 
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.